”ტრიხერუსა” ანუ „სამხელიანი“ ხატის ისტორია

მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში უდიდესი ადგილი უჭირავს ღვთისმშობლის მეორე მიწიერ სამყოფელს - ათონის წმინდა მთას, სადაც ღვთისმშობლის მადლის საფარქვეშ უკვე მრავალი საუკუნეა მართლმადიდებლური ხატები მთელი მსოფლიოს გადასარჩენად ლოცულობენ. წმინდა მთა ღვთისმშობლის მრავალი საკვირველმოქმედი ხატითაა სახელგანთქმული. მათ შორის ნათლად ბრწყინავს ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სამხელიანი ხატი ეწოდება.

ხატის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება მართლმადიდებლობისა და ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგის, ღირსი იოანე დამასკელის სახელს. 717 წ. ბიზანტიის იმპერატორის ლეონ ისავრიელის მიერ გამოცემული ედიქტი ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. დაიწყო ქრისტიანების რბევა-შევიწროვება. წმინდა იოანე დამასკელმა მაშინვე აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. ერეტიკოსები ყოველი ღონით შეეცადნენ დიდი მქადაგებლის სახელი ცილისწამებით დაემცირებინათ.

იმპერატორმა ლეონმა წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელთანაც წმინდა იოანე მრჩევლის თანამდებობას იჭერდა. წერილში იმპერატორი წმინდა იოანეს ხალიფას ღალატში ბრალს სდებდა. იგი წერდა, რომ იოანე მას დამასკოსა და მთელი მხარის დაპყრობაში დახმარებას აღუთქვამდა, მაგრამ ის, დამასკოს მმართველთან მეგობრობის გამო, ამაზე უარს ამბობდა. თავის წერილს ლეონმა თან დაურთო ყალბი ხელნაწერი, რომელიც მას თითქოსდა წმინდა იოანემ გაუგზავნა.

განრისხებულმა ხალიფამ, საქმის გამოუძიებლად, ისე რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება მისთვის თავის გასამართლებლად დრო მიეცა, წმიდანისათვის მარჯვენის მოკვეთა ბრძანა. ბრძანება მაშინვე სისრულეში მოიყვანეს, ხოლო მოკვეთილი მარჯვენა საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.

საღამოს, როცა ხალიფას რისხვამ გადაუარა, ღირსმა იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მიეცა მისთვის უფლება მოკვეთილი მარჯვენა დაემარხა და როცა ის მიიღო, თავის სენაკში ჩაიკეტა. წმინდა იოანე დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდა ღვთისმშობელს რათა მისთვის გაემრთელებინა ხელი, რომელსაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შესაქმნელად გამოიყენება. ხატის წინ ჩაძინებულ წმინდანს ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „... ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ სწუხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი“. წმინდა იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯას მიერთებოდა. საოცარი განკურნების სამახსოვროდ, მარჯვენა ხელზე მხოლოდ ნაიარევი დარჩა.

მადლიერების ნიშნად წმინდა იოანემ ვერცხლისაგან მოკვეთილი ხელის მტევანის ფიგურა გააკეთებინა და ღვთისმშობლის ხატზე მიამაგრებინა. ამის გამო, ამ ხატს ტრიხერუსა (სამხელა) ეწოდა.

ამ სასწაულის შემდეგ, წმინდა იოანემ მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და, ხალიფას ნებართვით, სასწაულმოქმედ ხატთან ერტად იერუსალიმისაკენ გაემგზავრა. ამ დროიდან XIII საუკუნემდე ხატი წმინდა ქალაქში საბაწმიდის ლავრაში, ბრძანდებოდა.

1122 წელს ლავრას სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმინდა საბა ესტუმრა. ღვთისმშობლის სურვილის შესაბამისად, სამხელიანი ხატი მას მიართვეს. ხატი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.

როცა ოსმალეთის შემოსევის შედეგად ხატს საფრთხე დაემუქრა, ღვთის მოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს ხატის ბედი თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ: წმინდა ხატი ვირს ზურგზე დაადეს და თავის ნებაზე მიუშვეს. ცხოველი ათონის მთაზე ავიდა და XIII საუკუნეში დაარსებული ხილენდარის სერბული მონასტრის კარებთან გაჩერდა. მონასტრის ბერებმა წმიდა ხატი სიხარულით მიიღეს და მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.

ერთხელ, მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა და ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. როცა, აზრთა სხვადასხვაობის გამო, მონასტრის ძმობა ორად გაიყო, შფოთის შესაწყვეტად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კამათში თვითონ ჩაერია: დილით, როცა ბერები ღვთისმსახურებას შეუდგნენ, აღმოაჩინეს, რომ ტრიხერუსა საკურთხეველიდან იღუმენის ადგილზე გადაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარები საგულდაგულოდ ჩაკეტეს. მეორე დილით და შემდეგშიც იგივე გამეორდა. მაშინ ერთმა დაყუდებულმა ბერმა ძმებს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის გამოცხადების შესახებ, რომ მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, ღვთისმშობელი, თავისი ხატით, თვითონ დაიჭერდა იღუმენის ადგილს და ასე მართავდა მონასტერს. იმ დღიდან მოყოლებული ხილენდარის სავანეში დღემდე შეუცვლელად სრულდება ზეციური დედოფლის ნება: იქ იღუმენს არ ირჩევდნენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ.