ისტორია ღვთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“

წმინდა გრიგორი სინაელი ამბობდა: „ვნებათა საწყისი და მიზეზი ბოროტი განზრახვაა, ბოროტგანზრახულობა მიდრეკილებაა.“ (სიკეთისმოყვარეობა, ტ. 5, მ., 1989)

ზოგჯერ, ვნება ადამიანის ნებას აკნინებს. ასეთ ვნებათა შორისაა სიმთვრალისაკენ მიდრეკილება. ლოთობის შედეგები საყოველთაოდ ცნობილია: ოჯახის დანგრევა, პიროვნების დეგრადაცია და, საბოლოო ჯამში, საუკუნო ტანჯვა, რადგანაც „ლოთები ... ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორ. 6,10). მაგრამ უფლის სიკეთე უსაზღვროა. უფალი ხედავს, რომ მრავალ ადამიანს, რომელიც ლოთობისაგან იტანჯება, გულწრფელად სურს დამღუპველი ვნებისაგან გათავისუფლება, მაგრამ ამისათვის საჭირო შინაგან ძალებს ვერ პოულობს. ამიტომაც უფალმა ინება გამოცხადება თავისი ყოვლადუწმინდესი დედის ხატისა, რომელიც კეთილისმყოფელი დახმარებისა და განკურნების დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენს მათთვის, ვინც ღვინისადმი დაუოკებელი ვნებით არიან განმსჭვალულნი. ღვთისმშობლის ამ ხატის სახელწოდებაა „ბარძიმი შეუსმელი“.

წმინდა ხატის გამოცხადება 1878 წელს მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვოს მაზრაში ერთი გლეხი, გადამდგარი ჯარისკაცი, მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი. მთელი სარჩო-საბადებელი მან ლოთობაში გაანიავა და სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისაგან ფეხები სავსებით წაერთვა, მაგრამ დალევას მაინც განაგრძობდა. ერთხელ ამ სრულიად დაცემულ ადამიანს სიზმარში ბერი ეჩვენა და უთხრა: „წადი ქალაქ სერპუხოვში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში. იქ დაბრძანებულია ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“, ოლოცე მის წინაშე და სულითა და ხორცით გამოჯანმრთელდები“.

ფეხებწართმეულმა და სრულიად ღატაკმა გლეხმა ვერ გაბედა მოგზაურობაში წასვლა, მაგრამ წმინდა ბერი მას მეორედ, მესამედ გამოეცხადა და ისე მკაცრად უბრძანა მისი ნების ასრულება, რომ საწყალი ლოთი დაოთხილი გაუდგა გზას.

მონასტერში მისულმა იქაურებს თავის სიზმრეული გამოცხადების შესახებ მოუთხრო და ღვთის დედის ხატი „ბარძიმი შეუსმელი“-ის წინაშე პარაკლისის გადახდა სთხოვა. მაგრამ მონასტერში არავინ იცოდა ღვთისმშობლის ამ სახელწოდების ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს: ეს ხატი ტაძრიდან გამოსასვლელში ჩამოკიდებული, ბარძიმის გამოსახულებიანი ხატი ხომ არ არისო? და რამდენად იყვნენ გაკვირვებულები, როცა ხატის უკანა მხარეს აღმოაჩინეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი"! აღსანიშნავია ისიც, რომ მოსკოვის მღვდელმთავარ ალექსის მოწაფე ღირს ვარლაამში გლეხმა სიზმრად ნანახი ბერი ამოიცნო. გლეხი სახლში სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა.

ღვთისმშობლის ხატის საკვირველი განდიდების ამბავი მალე მთელს რუსეთს მოედო. ლოთობის სენით შეპყრობილები და მათი ნათესავები სნეულებისაგან განკურნებისათვის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცვების აღსავლენად იჩქაროდნენ. ბევრი, უკვე გაწეული დახმარებისა და წყალობის მიღების სანაცვლოდ, მადლობის შესაწირავად მოილტვოდა მის წინაშე.

ეს ხატი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას" ტიპს მიეკუთვნება, თუმცა მასზე ღვთიური ყრმა ბარძიმში ფეხზე მდგომია გამოხატული. რომელი ღვთისმოსავი აზრის გამო იქნა გამოსახული ღვთისმშობელი ასეთი სახით? ეჭვგარეშეა, რომ ის ევქარისტიის ყველა წმინდა საიდუმლოს დაცვითაა დაწერილი. ბარძიმი, მაკურთხეველი ღვთიური ყრმით, წარმოადგენს ბარძიმს ზიარებისა, რომელიც სარწმუნოებით მისდამი მოლტოლვილებს ყველა იმ კურთხევას ანიჭებს, რომელიც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გამომსხნელმა ღვაწლმა კაცთა ცოდვილ მოდგმას მიჰმადლა. ეს ბარძიმი მართლაც დაულევნელი, ანუ შეუსმელია, რადგანაც ტარიგი მისი „მარადის იჭამების და არა დაილევის". ხოლო, ხსნისათვის ყოვლისა სოფლისა, ყოვლდაწმინდა ხელებით ზეაპყრობილი დედა ღვთისა, როგორც ძლევამოსილი მღვდელმთავარი, შუამდგომლობით აღუვლენს ღმერთს ამ მსხვერპლს – თავის დაკლულ შვილს, რომელმაც მისთა სისხლთაგან მიიღო სისხლი და ხორცი, და სთავაზობს ჭამად მართალთა.

ხატი ყოველი ცოდვილისათვის ლოცულობს, მას ყველას ცხონება სურს და მდაბალი დამღუპველი მიდრეკილებების ნაცვლად სულიერი სიხარულისა და ნუგეშის ამოუწურავი წყაროსაკენ მოუწოდებს. იგი ამცნობს, რომ ზეციური შეწევნისა და მოწყალების შეუსმელი ბარძიმი თითოეული გაჭირვებულისთვისაა განმზადებული.

ხატის დღესასწაული აღესრულება 5 მაისს (ახალი სტილით 18 მაისს).