ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ისტორია

1552 წელს მეფე ივანე IV მრისხანემ ტყვეობისაგან 100 000 ადამიანი გაათავისუფლა და ყაზანის სახანო რუსეთს მიუერთა. დაიწყო თათრების მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ყოვლადწმინა ღვთისმშობელი სამჯერ გამოეცხადა ათი წლის მატრონას და მოსთხოვა მას არქიეპისკოპოსისათვის და ქალაქის მმართველებისათვის ეუწყებინა იმ ადგილის შესახებ, სადაც, ცოტა ხნის წინ მომხდარი ხანძრისაგან სასწაულებრივად გადარჩენილი, მისი ხატი იყო წაში დაფლული. გოგონას მონათხრობს ყურადღება არავინ მიაქცია, ამიტომ მან დედის დახმარებით მითითებულ ადგილზე მიწიდან საოცარი ნათელით მოსილი ღვთისმშობლის ხატი მიწიდან თვითონ ამოაბრძანა. ეს მოხდა 1579 წლის 8 ივლისს. არქიეპისკოპოს იერემიას ლოცვა-კურთხევით, უახლოესი ნიკოლის ტაძრის მღვდელმა, მომავალმა მოსკოვის პატრიარქმა გერმოგენმა, მლოცველებთან ერთად, ხატი თავის ტაძარში ხელით მიაბრძანა. ლოცვის შემდეგ ხატი ყაზანის ხარების ტაძარში გადაასვენეს. ხატის მრავალრიცხოვანი სასწაულმოქმედებანი დაიწყო ორი ბრმისათვის თვალთახელვით (როგორც კონსტანტინოპოლის ოდიგიტრიის (ბერძნ. Οδηγητρια-გზამკვლევი) ხატისა), ზეციური მფარველობით ხვთისმშობლისა მუსულმანების მართლმადიდებლური სარწმუნოებით განათლების საქმეში. ხატის სასწაულმოქმედებათა ჩამონათვალი იმავე წელს მეფე ივანე IV მრისხანეს ეცნობა, რომლის ბრძანებითაც ყაზანის ღვთისმშობლის ხატის პოვნის ადგილას ტაძარი აიგო და დაარსდა დედათა მონასტერი, რომელშიც მატრონა, დედასთან ერთად, მონაზვნად აღიკვეცა.

რუსეთისათვის მძიმე დროში, როცა პოლონელებმა მოსკოვი დაიპყრეს და ტახტზე სხვა რწმენის ადამიანის დასმა გადაწყვიტეს, მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით, მოსკოვის პატრიარქის გერმოგენის მოწოდების საპასუხოდ რუსი ხალხი თავისი რწმენისა და სამშობლოს- „ყოვლადწმინდა ხვთისმშობლის სახლის“- დასაცავად აღსდგა. რუსეთი გადარჩა. მართლმადიდებლური რუსული ჯარები სამი დღე-ღამე მარხულობდა და დახმარებას ყაზანის ხვთისმშობლის ხატს შესთხოვდა. ყოვლადწმინდა დედოფლის დახმარებით მართლმადიდებელთა ჯარებმა მოსკოვი გაათავისუფლეს. ამ თარიღის აღსანიშნავად, მეფე მიხეილ ფიოდორისძემ ყაზანის ღვთისმშობლის დრესასწაული დააწესა წელიწადში ორჯერ 8 ივლისს და 22 ოქტომბერს. ყაზანის ღვთისმშობლის ხატი თავადი დიმიტრი პოჟარსკის მითითებით ჯერ ლუბიანკაზე, წმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაასვენეს, ხოლო 1636 წელს ხატი უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მადლიერების ნიშნად აგებული ყაზანის ტაძარში გადაასვენეს.

1709 წელს პოლტავას ბრძოლის წინ მეფე პეტრე I ყაზანის ღვთისმშობლის ხატის წინაშე ლოცულობდა. ისევე როგორც მ. კუტუზოვი 1812 წელს ბოროდინოს ბრძოლის წინ. მტრის დამარცხებაში უდიდესი დახმარებისათვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის წინაშე რუსმა ხალხმა უდიდესი მადლიერება გამოხატა.

პატარა მატრონას მიერ ნაპოვნი ხატი უფლის მადლის გამოხატულება იყო და იგი საერთო სახალხო სიყვარულს იმსახურებს. მას განსაკუთრებული მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის ბედის ჩამოყალიბების საქმეში. შემთხვევითი არაა, რომ ყაზანის ხატი წმინდა ლუკა მახარებლის მიერ შესრულებული უძველესი ოდიგიტრიის ხატიდანაა გადმოწერილი და მისგან მხოლოდ ყრმისადმი ღვთისმშობლის თავის დახრით განსხვავდება. ყაზანის ღვთისმშობლის ხატი რუსი მართლმადიდებელი ხალხის მფარველის, ჩვენი ყოვლადწმინდა დედის ყველაზე უფრო გავრცელებული ხატია რუსეთში.

ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი, დღეისათვის, მოსკოვის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.